პოლიტიკის საზაფხულო ინსტიტუტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პიტსბურგის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პოლიტიკური მეცნიერის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ვასილ რუხაძეს მიერ დაარსებული აკადემიური ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად ამ ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ.

პოლიტიკის საზაფხულო ინსტიტუტი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ორკვირიან ინტენსიურ აკადემიურ კურსებს პოლიტიკური ლიდერობის განხრით. ინსტიტუტის უმთავრესი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის ჩამოყალიბებას.

აკადემიური კურსი შეიცავს რვა ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ტარდება ქალაქ თბილისში ყოველი წლის მაის-ივნისში. თითო ლექცია გრძელდება 150 წუთი, კვირაში ოთხი დღე, სამშაბათიდან პარასკევამდე, საღამოს საათებში. ლექციები ეხება პოლიტიკური ლიდერის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ ძირითად თემებს: პოლიტიკური ლიდერის ინიდივიდუალურ თვისებებს, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის ტექნიკას, საარჩევნო კამპანიის ჩატარების მეთოდებს, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და მართვის სტრატეგიას, საჭირო რეფორმების ხასიათს, ორატორობის და პოლიტიკური მოლაპარაკების ტექნოლოგიას, კრიზისის მენეჯმენტს, მედიასთან ურთიერთობას და პოლიტიკური ლიდერობის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

ლექცია-სემინარები ემყარება ძველი და თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკური მეცნიერების, სახელმწიფო მოღვაწეების და ფილოსოფოსების ნაშრომებს და ნააზრევს პოლიტიკური ლიდერობის არსის და სტრატეგიის შესახებ.

ლექციებს თან ახლავს პოლიტიკური სიმულაცია-თამაშები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარება მიღებული თეორიული ცოდნისა და ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებაში. კურსი არ ითვალისწინებს საკითხავ ან წერით დავალებებს.

წარმატებული აპლიკანტები შეირჩევიან ორტურიანი კონკურის საფუძველზე. საჭირო საბუთების მიღების შემდეგ მიმღები კომისია გამოავლენს პირველი ტურის გამარჯვებულებს. მეორე ტურში კომისია ჩაატარებს სკაიპ-ინტერვიუებს პირველი ტურის გამარჯვებულებთან და შეარჩევს საბოლოო გამარჯვებულებს.

ლექცია-სემინარების ჩატარების ზუსტი თარიღები და ადგილმდებარეობა მიღებულ აპლიკანტებს ეცნობებათ კურსის დაწყებამდე არა უგვიანეს 70 კალენდარული დღით ადრე.

ინსტიტუტის კურსდამთავრებულები მიიღებენ დამთავრების ოფიციალურ სერტიფიკატებს.